“მოგზაურობა მითებსა და ლეგენდებში” და ქუჩის ლიგის პირველი თამაში
- Anna Shalikiani
- Oct 27
- 2 min read
Updated: Oct 28

რა ხდება, როცა ტვინიკოსები საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან ერთად იკრიბებიან? ისინი ჩვეულებრივ ექსკურსიასაც კი ნამდვილ „ტვინების ბრძოლად“ აქცევენ!
„ტვინების ბრძოლის“ ჩემპიონატის მე-2 და მე-3 ადგილოსნებისთვის უკვე ტრადიციად ქცეულ პრიზს წარმოადგენს ინტერაქტიული, შემეცნებით-სათავგადასავლო ექსპედიციაში მონაწილეობის შესაძლებლობა. ექსპედიის მიზანი ჩვენი ქვეყნის ბუნებრივი და კულტურული ღირსშესანიშნაობებისა და სამეცნიერო მიღწევების გაცნობაა. „ტვინების ბრძოლა - შემოდგომა 2024“-ისა და „ტვინების ბრძოლა - გაზაფხული 2025“-ის პრიზიორებისთვის სწორედ ასეთი დაუვიწყარი ექსპედიცია მოეწყო ქუთაისსა და მის შემოგარენში.
25 ოქტომბერს, 50-მდე მოსწავლე, ტვინების ბრძოლის პრიზორი მოთამაშეები საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან (კახეთი, ქართლი, აჭარა, სამეგრელო და სხვ.) ჩავრთეთ მრავალსაათიან ინტელექტუალურ მარათონში, რომელიც ისტორიასა და მეცნიერებაში მოგზაურობას დაეთმო.
მარშრუტი: დინოზავრებიდან ცისფერყანწელებამდე
ექსპედიციის მონაწილეებმა, პროფესიონალი გიდების დახმარებით, ქუთაისისა და მისი შემოგარენის ოთხი უმნიშვნელოვანესი ლოკაცია მოინახულეს:
სათაფლია: აქ მოსწავლეები მილიონობით წლით უკან, დინოზავრების ეპოქაში დაბრუნდნენ. მათ საკუთარი თვალით ნახეს ნამდვილი ნაკვალევი და ჯადოსნური კარსტული მღვიმეები, თან კი უამრავი საინტერესო ფაქტი შეიტყვეს პრეისტორიული სამყაროს შესახებ.
ბაგრატის ტაძარი: შემდეგი გაჩერება საქართველოს ოქროს ხანის სიმბოლო, გაერთიანებული საქართველოს დიდების მოწმე – ბაგრატის ტაძარი იყო. გიდის მონათხრობმა გააცოცხლა ისტორიები მეფეებისა და ბრძოლების შესახებ.
მოწამეთას მონასტერი: მოსწავლეებმა მოინახულეს მდინარის თავზე გადმოკიდებული შთამბეჭდავი მონასტერი და მოისმინეს დავით და კონსტანტინეს გმირული თავდადების ამბავი.
ქუთაისი: ექსპედიცია კოლხეთის უძველესი დედაქალაქის, ქუთაისის ქუჩებში სეირნობითა და მასში გაფანტული კულტურული სიმბოლოების შესწავლით გაგრძელდა.
ფინალი: Kahoot! და „ქუჩის ლიგის“ დაბადება
როგორ უნდა დასრულებულიყო „ტვინების ბრძოლის“ ექსპედიცია, თუ არა ინტელექტუალური შეჯიბრით?
7-საათიანი თავგადასავლის ბოლოს, მონაწილეები სპეციალურ Kahoot!-ის ქვიზში ჩაერთნენ. კითხვები სრულად ეფუძნებოდა იმ ინფორმაციას, რომელიც მათ გიდებისგან ექსპედიციის მიმდინარეობისას გიდებისაგან მოისმინეს. ეს იყო საუკეთესო გზა მიღებული ცოდნის შესამოწმებლად და შესაჯამებლად!
მაგრამ, ეს ყველაფერი არ იყო.
დღის ნამდვილი კულმინაცია „ტვინების ბრძოლის ქუჩის ლიგის“ სტარტი გახდა! ტვინების ბრძოლის ეს ახალი პროექტი მიზნად ისახავს ინტელექტუალური თამაშების მიმზიდველობის ზრდის ხელშეწყობას და საქართველოს ქალაქების ღია სივრცეებში, ქუჩებში, საუბნო დონეზე ახალგაზრდების ინტელექტუალურ-შემეცნებითი აქტივობებით დაკავებას. ექსპედიციის მონაწილე „ტვინიკოსებმა“ სწორედ ამ ძალიან ძვირფას ტრადიციას ჩაუყარეს საფუძველი: ბავშვებმა "ქუჩის ლიგის" პირველი თამაში ქუთაისში, ღია სივრცეში გამართეს.
“მოგზაურობა მითებსა და ლეგენდებში” იყო შესანიშნავი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება სწავლა იყოს სახალისო, დინამიკური და დაუვიწყარი. „ტვინების ბრძოლის“ მონაწილეებმა დაამტკიცეს, რომ ნამდვილი ცოდნა კლასის კედლებს სცდება და ყველაზე დიდი თავგადასავალი სწორედ მის ცოდნის ძიებაშია!























































Comments