top of page

რეგიონული ტურის ლიტერატურული მენიუ


მოგესალმებით🧠 პირველ რიგში, მინდა მთელი გულით მოგილოცოთ დიდი წარმატება! თქვენ უკვე გაიარეთ შიდასასკოლო და საქალაქო ეტაპები, იასპარეზეთ ძალიან მაგრად და დამსახურებულად მოხვდით რეგიონულ ტურზე. თქვენი მონდომება და განათლებისადმი სიყვარული ნამდვილად სამაგალითოა! 🚀


ახლა კი, დროა მოვემზადოთ გადამწყვეტი ბრძოლისთვის. როგორც იცით, რეგიონული ტური ფინალისკენ გადებული გზის განსაკუთრებულ მომზადებას მოითხოვს. სწორედ ამიტომ, ამ ეტაპზე სრულიად სხვა, მსოფლიო ლიტერატურის გამორჩეული წიგნები შეგირჩიეთ.


საყოველთაოდ ცნობილი ამბავია, რომ თამაშზე 2 შეკითხვა დაანონსებული წიგნის თემატიკიდან ჟღერდება. შეკითხვების რედაქტორის დაჟინებული რჩევაა: არ ენდოთ ეკრანიზაციებსა და მოკლე შინაარსებს! აუცილებლად წაიკითხეთ თავად ნაწარმოები, რადგან შეკითხვები სწორედ ტექსტში დამალულ იმ საინტერესო დეტალებზე იქნება, რომლებიც მხოლოდ ნამდვილ მკითხველს არ გამოეპარება.


ქვემოთ გიზიარებთ რეგიონული ტურის წიგნების ანოტაციებს:


📘 U5 ასაკობრივი კატეგორია (3, 4, 5 კლასები)



„დედა, მამა, რვა ბავშვი და საბარგო მანქანა“ – ანე-კატრინე ვესტლი ამ წიგნში გაიცნობთ ერთ ძალიან დიდ, ხმაურიან და საოცრად მოსიყვარულე ოჯახს. წარმოიდგინეთ, დედა, მამა, რვა და-ძმა და მათი განუყრელი მეგობარი, დიდი სატვირთო მანქანა! მიუხედავად იმისა, რომ მათი ყოველდღიურობა პატარა ბინაში გამოწვევებითაა სავსე, ისინი გვიჩვენებენ, რომ მთავარი არა სიმდიდრე, არამედ ერთიანობა და იუმორია. ეს არის ამბავი ნამდვილ ოჯახურ სითბოზე, სადაც თითოეულ წევრს საკუთარი, განსაკუთრებული როლი აქვს.











📙 U8 ასაკობრივი კატეგორია (6, 7, 8 კლასები)

„პატარა პრინცი“, ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი - წიგნი, რომელიც,

სულ მცირე, ერთხელ მაინც უნდა წაიკითხოს ყველამ.


ეს ნაწარმოები გვასწავლის, რომ „ყველაზე მთავარს თვალით ვერ დაინახავ - მხოლოდ გულით ხედავს ადამიანი კარგად“.


პატარა პრინცთან ერთად შეგეძლებათ იმოგზაუროთ პლანეტიდან პლანეტაზე და გაეხვევით ყველაზე ადამიანურ უცნაურობებში. გაიგებთ, რას ნიშნავს მეგობრობა, პასუხისმგებლობა მათზე, ვინც „მოვიშინაურეთ“ და რატომ არის მნიშვნელოვანი, უფროსების სამყაროშიც კი შევინარჩუნოთ ბავშვური გულწრფელობა.










📕 U12 ასაკობრივი კატეგორია (9, 10, 11, 12 კლასები)


„უცხო“, ალბერ კამიუ - მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწარმოები, რომელიც დაგაფიქრებთ სამყაროსა და ადამიანის არსებობაზე.


მთავარი გმირი, მერსო, საკუთარ ცხოვრებაში „უცხოსავით“ იქცევა - ის არ თამაშობს საზოგადოების მიერ დადგენილ წესებს და გულგრილია იმის მიმართ, რასაც სხვები ემოციურს უწოდებენ.


კამიუს ეს შედევრი დაგეხმარებათ დაინახოთ ის ზღვარი, რომელიც პიროვნულ სიმართლესა და საზოგადოებრივ მოლოდინებს შორის გადის.



🌟 ტვინიკოსის მოწოდება: მეგობრებო, რეგიონული ტური დიდი გამოწვევაა, მაგრამ თქვენ უკვე დაამტკიცეთ, რომ საუკეთესოები ხართ! გახსოვდეთ, კითხვა მხოლოდ ქულებისთვის არ არის საჭირო - ის თქვენს აზროვნებას ამახვილებს და ცხოვრებისეულ გამოწვევებთან შეჭიდების ძალას გაძლევთ.


ნუ გადადებთ, გადაშალეთ პირველი გვერდი დღესვე. ირწმუნეთ საკუთარი უსაზღვრო შესაძლებლობების და გახსოვდეთ - ნამდვილი გამარჯვება მუდმივი განვითარებაა! გელით რეგიონულ ასპარეზობებზე.


📥 შენიშვნა: წიგნის PDF ვერსიის საჩუქრად მიღებისთვის მოგვწერეთ თქვენი გუნდის ID კოდი ჩვენს ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე.

Comments


bottom of page