"ზამთრის თავგადასავალი"
- Anna Shalikiani
- 4 hours ago
- 3 min read

„ტვინების ბრძოლის“ ახალი სეზონი უკვე დაიწყო და ყველა მონაწილემ იცის – მთავარი ბრძოლა არა მხოლოდ თასისა და დიდებისთვის, არამედ იმ დაუვიწყარი 5 დღისთვის მიმდინარეობს, რომელსაც „ტვინების ბრძოლის ბანაკი" ჰქვია.
სანამ მოაზროვნეები ნეირონებს ლესავენ მოახლოებული ტურნირებისთვის, გადავავლოთ თვალი "ზამთრის თავგადასავალს" ანუ ტვინების ბრძოლის ბანაკის თოვლიან, მაგრამ ძალიან თბილ დღეებს. ეს არის ბლოგი მათთვის, ვისაც ბანაკის ემოციები ჯერ არ განელებია და მათთვისაც, ვისაც ეს ყველაფერი წინ აქვს.
❄️ "ყინულის ლღობა" იანვარში
ბანაკში ჩამოსვლა არ ყოფილა უბრალოდ „განთავსება“ – ეს იყო ჩემპიონთა ერთ სივრცეში თავმოყრის დიდებული წუთები. პირველივე დღეს მონაწილეები რაზმებად დაიყვნენ, რომლებიც ლიდერებმა ჩაიბარეს და აიღეს უდიდესი პასუხისმგებლობა - ბანაკის დასრულებამდე თითოეულ მონაწილეზე, მათ ყოველ საჭიროებაზე, ფაქტობრივად, „თავით ეგოთ პასუხი“.
გუნდების წარდგენა, ორიგინალური სახელების მოფიქრებაში შეჯიბრი და საკუთარი ხელით დაწერილი ჰიმნები ბანაკის განუყოფელი ნაწილია. ამ ჰიმნებს ყოველ მომდევნო სისხამ დილას, ჯერ კიდევ ნახევრად მძინარეები, განსაკუთრებული ემოციით მღეროდნენ. სწორედ აქედან დაიწყო იმ „ყინულის ლღობა“, რომელმაც ცივი იანვარი მონაწილეებისათვის ყველაზე თბილ მოგონებად აქცია.
🧠ინტელექტუალური ადრენალინი და რედაქტორის „ოქროს რჩევები“

ტვინების ბრძოლის ბანაკი ტვინების ბრძოლის თამაშის გარეშე? წარმოუდგენელია!
ბანაკის მეორე დღე ტვინების ბრძოლის თამაშს დაეთმო. ორი სეზონის ჩემპიონი ბავშვების ნაკრები გუნდების პაექრობა ტიტანების შეჭიდებას ჰგავდა!
თორნიკე მესხის ტრენინგი – „როგორ იწერება ტვინების ბრძოლის კითხვები“ – იყო უნიკალური შანსი, ბავშვებს რედაქტორის ოქროს რჩევები ცოცხალ ფორმატში მოესმინათ. ეს იყო ინტელექტუალური თამაშის კულისებში შეხედვის ძვირფასი შესაძლებლობა.
ტვინების ბრძოლის ბანაკების დავიწყებული პრაქტიკის - სატელევიზიო ფორმატის შოუს მოწყობა ზამთრის თავგადასავლის მონაწილეთათვის გამორჩეულ გამოცდილებად იქცა. „ტვინიკოსის“ ჩაწერა სატელევიზიო შოუს სიმულაცია იყო, სადაც თითოეული მონაწილე აზარტულ ბრძოლაში ჩაერთო – არა გუნდურად, არამედ ინდივიდუალური პასუხისმგებლობით, რისკით და თანაც, კამერების წინაშე!
🏰 გუნდაობა რაბათში
სამცხე-ჯავახეთის ყველაზე შთამბეჭდავი არქიტექტურული სანახაობის გაცნობის გარეშე ბანაკის მონაწილეებს ვერ დავტოვებდით. რაბათის ლოლოებიანი ქონგურების და გუმბათების მიღმა დამალულ ისტორიაში ბავშვებმა გიდთან ერთად გაიკვალეს გზა. კულტურულ პროგრამას გაგრძელებაც ჭეშმარიტად ისტორიული ჰქონდა - ოდითგანვე, ბავშვების საყვარელ ზამთრის სპორტად მიჩნეული გუნდაობის ფრონტი მოაწყვეს!
📚 „35 კილო იმედი“

წიგნი ჩვენი ბანაკების განუყოფელი ნაწილია!
ზამთრის თავგასადასავლის მონაწილეები, ცოტა ხნით, კითხვის ზღაპრულ სამყაროში აღმოჩნდნენ ანა შალიკიანთან ერთად და „35 კილო იმედი“ ერთი ამოსუნთქვით წაიკითხეს. ანა გავალდას ეს წიგნი ბავშვებს აძლევს განცდას, რომ ისინი მარტო არ არიან თავიანთი გამოწვევებით და გამოწვევებთან და რომ საკუთარი თავის რწმენა, მაინც, ყველაზე ძლიერი მხარდამჭერია ყველაზე რთულ მომენტებშიც.
კითხვის პარალელურად, ვისაუბრეთ განათლებაზე, შემოქმედებაზე და იმაზე, თუ როგორ შეიძლება გატაცება წარმატებულ საქმიანობად აქციო. სწორედ მსგავსი შეხვედრები აქცევს ტვინების ბრძოლის ბანაკს პროფესიული ორიენტაციის მეგზურად და მომავალი ლიდერების სამჭედლოდ.
🎭 თეატრი და ჭყუმპალაობა :)
ბანაკში ყოველი წუთი გაწერილი იყო!
გუნდური სამუშაოები: მაგალითად, ხიდების აგება, რომლის უკან სტრატეგია და ერთობა დგას.
კულტურული პროგრამა: იუმორისტული სკეტჩები, თეატრალიზებული წარმოდგენები და მუსიკალური ნომრები ბანაკის ყველა საღამოს დიდებული დასასრული იყო.საღამოს წარმოდგენებისთვის მთელი დღის მანძილზე მიმდინარეობდა სამზადისი.
ზამთრის კონტრასტი: დაპირებული წვეულება აუზზე, შუაგულ ზამთარში, როცა ფუმფულა ფიფქების ცვენას ფირუზისფერი აუზის ტალღებს მიღმა აკვირდები და ერთობი ისე, როგორც მხოლოდ ბავშვებს შეუძლიათ!
🔥 ფინალური აკორდი: ტვინბოიარდი და Sprite Party!
ყველაზე გემრიელი საქმეები ბოლოსთვის მოვიტოვეთ. „ტვინბოიარდი INN“ ცნობილი ფრანგული შოუს ტვინების ბრძოლური ვერსიაა, რომლის ეფექტურობას განსაკუთრებული ხიბლი სასტუმრო „ახალციხე ინნ“-ის საინტერესო ინტერიერმა შესძინა. დავალების სწრაფად შესრულების ჟინით შეპყრობილ მოთამაშეებს, სართულებს შორის სირბილისას, ტვინის გავარჯიშების გარდა, მშვენიერი კარდიოც გამოუვიდათ :)
ბანაკის ნამდვილი კულმინაცია კი Sprite Party აღმოჩნდა - წვეულება, რომლის სამზადისში თითოეული მონაწილე ერთდროულად მოდის ექსპერტად და ვიზაჟისტად გადაიქცა. ბოლო საღამოს ყველაზე თავდაუზოგავ, გულწრფელ ჟრიამულს, ტრადიციულად, მოახლოებული განშორების სევდის გემოც ჰქონდა.
რას ვიზამთ? ყველაფერი კარგი ოდესმე სრულდება!
თუმცა, კარგი ამბავი ისაა, რომ ტვინების ბრძოლის შემთხვევაში, დიდხანს ლოდინი არ გიწევს! წელიწადში ორჯერ, შენ გაქვს შანსი გახდე ქვეყნის ყველაზე ჭკვიანი ბავშვი და გაინაღდო საგზური ჩვენს მორიგ, დაუვიწყარ ბანაკში.
იქამდე კი, თვალი შეავლე ზამთრის თავგადასავლის დღიურებს TikTok-ზე და დაიმუხტე ჩვენი ენერგეტიკით!
🎯 გინდა იყო შემდეგი?
შიდა სასკოლო ასპარეზობების ფაციფუცი უკვე მთელს ქვეყანაში ტრიალებს. მალე საქალაქო ტურის ციებ-ცხელებაც დაიწყება და ტურიდან ტურამდე გასავლელი გზა სულ უფრო გართულდება. ტვინების ბრძოლის თამაშები კი გვასწავლის, რომ მხოლოდ ინტელექტი არც თამაშით სიამოვნებისთვისაა საკმარისი, არც გამარჯვებისთვის. საჭიროა თითოეულ თამაშზე გემოზე გაერთო!
ამიტომ, შეკრიბე მხიარული, გაბედული და ამასთან, ჭკვიანი მეგობრები და დაუმტკიცეთ მთელ საქართველოს, რომ საუკეთესო გუნდი ხართ თქვენ!




























Comments