top of page

ტვინების ბრძოლის წესები

1. პროექტის აღწერა
1.1. ტვინების ბრძოლა არის გუნდური ინტელექტუალური თამაში სკოლის მოსწავლეებისთვის.
2. პროექტის მიზნები
2.1. მოსწავლე ახალგაზრდობაში ერუდიციის, წიგნიერებისა და ზოგადი განათლების დონის
ამაღლება.
2.2. მოსწავლე ახალგაზრდობაში ინტელექტუალური განტვირთვის წახალისება.
2.3. მოსწავლეებისთვის ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარის, გუნდური მუშაობის
უნარისა და სხვა ღირებული უნარ-ჩვევების განვითარება.
3. თამაშის წესები
3.1. ტვინების ბრძოლას თამაშობენ არაუმეტეს 5 წევრისგან დაკომპლექტებული გუნდები.
3.2. თამაში შედგება 15 შეკითხვისგან, რომლებიც მონაცვლეობით არის 5-, 6- და 7-ქულიანი.
3.2. თითოეული შეკითხვის გაჟღერების შემდეგ მონაწილე გუნდებს აქვთ 90-წამიანი
მოსაფიქრებელი დრო, რომლის განმავლობაშიც თითოეულმა გუნდმა პასუხების ფურცელზე უნდა
დაწეროს საკუთარი ვერსია.
3.3. 90-წამიანი მოსაფიქრებელი დროის ბოლო 15 წამის განმავლობაში თითოეულმა გუნდმა
პასუხების ფურცელი ჩასაბარებლად უნდა აღმართოს მაღლა.
3.4. დროის ამოწურვასთან ერთად ყველა გუნდს უკვე ჩაბარებული ან აღმართული უნდა ჰქონდეს
პასუხების ფურცელი, ხოლო დროის ამოწურვის შემდეგ აღმართული პასუხების ფურცელი
გაბათილდება და შეფასდება 0 ქულით.
3.5. სწორი პასუხი ფასდება შეკითხვის გაჟღერებამდე წინასწარ გამოცხადებული ქულით (5, 6 ან
7), ხოლო არასწორი პასუხი - 0 ქულით.
3.6. თამაშის მე-8 შეკითხვა არის კაპიტნების რაუნდი, რომელშიც კაპიტანი ასახელებს ხუთი
მოაზროვნიდან ერთ-ერთს, რომელიც მარტო ითამაშებს აღნიშნულ შეკითხვაზე. გუნდის დანარჩენი
ნაწილი დროებით ტოვებს სათამაშო დარბაზს.
3.7. ჩემპიონატის მეორე, მესამე და მეოთხე ეტაპებზე გაჟღერდება 2 შეკითხვა წინასწარ
დაანონსებული წიგნის საფუძველზე.
3.8. გამარჯვებულია გუნდი, რომელიც ყველაზე მეტ ქულას დააგროვებს.
3.9. გუნდი უფლებამოსილია, იყოლიოს მეექვსე, სათადარიგო წევრი, რომელსაც თამაშში ჩართვა
შეეძლება გუნდის რომელიმე ძირითადი წევრის ნაცვლად. გუნდის წევრის ცვლილება
ხორციელდება თამაშში ერთხელ, მე-8 შეკითხვის დასრულების შემდეგ.
4. ასაკობრივი კატეგორიები
4.1. ტვინების ბრძოლა ტარდება სამ ასაკობრივ კატეგორიაში: U5 (III-IV-V კლასები), U8 (VI, VII,
VIII კლასები) და U12 (IX, X, XI, XII კლასები).
4.2. გუნდის დაკომპლექტება შესაძლებელია ერთი და იგივე სკოლის ერთსა და იმავე ასაკობრივ
კატეგორიაში შემავალი ნებისმიერი კლასის მოსწავლეებისგან.
5. ჩემპიონატის პრინციპი
5.1. ტვინების ბრძოლა ტარდება 4-ეტაპიანი ჩემპიონატის სახით.
5.2. პირველ ეტაპზე სკოლაში იმართება ტვინების ბრძოლის შიდასასკოლო თამაში, რომელში
მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველ მოსწავლეს შეუძლია.
5.3. შიდასასკოლო ჩემპიონატში მონაწილეობის მიღება უფასოა.
5.4. შიდასასკოლო ჩემპიონატი გამოავლენს სკოლის ჩემპიონს. საუკეთესო შედეგების მქონე
გუნდები კვალიფიცირდებიან მეორე ეტაპისთვის.
5.5. მეორე ეტაპზე წინასწარ გამოცხადებულ ლოკაციებზე იმართება საქალაქო ტური, რომელშიც
გუნდები კონკურენციას უწევენ საკუთარი ქალაქის სხვა გუნდებს (ხოლო თბილისის შემთხვევაში -
საკუთარი რაიონული ერთეულის სხვა გუნდებს).
5.6. საქალაქო ტურში მონაწილეობის სურვილის დასაფიქსირებლად საჭიროა რეგისტრაციის
გავლა ჩვენს საიტზე. საქალაქო ტურში მონაწილეობის მიღება ფასიანია და განისაზღვრება 29
ლარით ერთ მოაზროვნეზე.
5.7. საქალაქო ტური გამოავლენს ქალაქის ჩემპიონს (ხოლო თბილისის შემთხვევაში - რაიონული
ერთეულის ჩემპიონს). საუკეთესო შედეგების მქონე გუნდები კვალიფიცირდებიან მესამე
ეტაპისთვის.
5.8. მესამე ეტაპზე წინასწარ გამოცხადებულ ლოკაციებზე იმართება რეგიონული პირველობა,
რომელშიც გუნდები კონკურენციას უწევენ საკუთარი რეგიონის სხვა გუნდებს (ხოლო თბილისის
შემთხვევაში - თბილისის სხვა გუნდებს).
5.9. რეგიონულ პირველობაში მონაწილეობის მიღება უფასოა.
5.10. რეგიონული პირველობა გამოავლენს რეგიონის ჩემპიონს (ხოლო თბილისის შემთხვევაში -
დედაქალაქის ჩემპიონს). საუკეთესო შედეგების მქონე გუნდები კვალიფიცირდებიან მეოთხე
ეტაპისთვის.
5.11. მეოთხე ეტაპზე წინასწარ გამოცხადებულ ლოკაციებზე იმართება ფინალი, რომელშიც
გუნდები კონკურენციას უწევენ საქართველოს მასშტაბით ფინალში გადასულ სხვა გუნდებს.
5.12. ფინალში მონაწილეობის მიღება ფასიანია და განისაზღვრება 29 ლარით ერთ მოაზროვნეზე.
5.13. ფინალი გამოავლენს საქართველოს ჩემპიონ გუნდს.
5.14. იმ შემთხვევაში, თუ ფინალის შედეგებით საქართველოს ჩემპიონი გუნდი ვერ გამოვლინდება,
თანაბარი შედეგების მქონე გუნდებს შორის დაინიშნება სუპერფინალი, რომელიც გაიმართება
გუნდებთან შეთანხმებულ თარიღსა და ლოკაციებზე.
6. შეკითხვები
6.1. თამაშში გაჟღერებული შეკითხვები ეფუძნება ლოგიკურ-ანალიტიკური მსჯელობის უნარებსა
და ზოგად განათლებას. შეკითხვის დასაძლევად შესაძლოა, საჭირო იყოს ლოგიკური, ფაქტობრივი
და/ან გრამატიკული სიზუსტე.
6.2. თამაშს არ აქვს წინასწარ დაანონსებული თემატიკა; შეკითხვები ფარავს სხვადასხვა საკითხსა
და თემატიკას. ჩემპიონატის სხვადასხვა ეტაპზე გამოყენებული შეკითხვათა პაკეტები, შესაძლოა,
მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს თემატური კომპოზიციით.
6.3. ჩემპიონატის მეორე, მესამე და მეოთხე ეტაპებზე ზოგიერთ შეკითხვას შესაძლოა, ახლდეს
დამატებითი ვიზუალური მასალა, რომელიც გუნდებს შეკითხვის გაჟღერებამდე დაურიგდებათ
და/ან გამოისახება ეკრანზე. ვიზუალური მასალის ფიზიკური ფორმით დარიგებაც და მისი ეკრანზე
გამოსახვაც წარმოადგენს თანაბარ მინიშნებას შეკითხვის გამოსაცნობად.
6.4. ჩემპიონატის ნებისმიერ ეტაპზე ზოგიერთ შეკითხვას შესაძლოა, ახლდეს დამატებითი
აუდიომასალა, რომელსაც გუნდები შეკითხვასთან ერთად მოისმენენ.
7. შედეგები და აპელაცია
7.1. ჩემპიონატის მეორე, მესამე და მეოთხე ეტაპების დასრულების შემდეგ, ჩვენს საიტზე
ქვეყნდება პირველადი შედეგები. პირველადი შედეგების გამოქვეყნებიდან წინასწარ დათქმული
სააპელაციო პერიოდის განმავლობაში, მონაწილე გუნდებს შეუძლიათ, შეავსონ სააპელაციო
განაცხადი, თუ მიიჩნევენ, რომ რომელიმე შეკითხვაში მათი დაფიქსირებული პასუხი უნდა
ჩაითვალოს სწორად.
7.2. სააპელაციო განაცხადს განიხილავს სააპელაციო ჟიური, რომელიც მიიღებს საბოლოო
გადაწყვეტილებას. გადაწყვეტილება აპელანტს ეცნობება სააპელაციო პერიოდის დასრულებიდან 3
სამუშაო დღის ვადაში, სააპელაციო განაცხადში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე.
7.3. საბოლოო შედეგები ქვეყნდება და ძალაში შედის სააპელაციო პროცესის დასრულების შემდეგ.
7.4. აპელაცია დაკმაყოფილდება იმ შემთხვევაში, თუ გუნდის პასუხი აკმაყოფილებს “ლოგიკური
დუალის” პირობებს. “ლოგიკურ დუალად” მოიაზრება გუნდის დაფიქსირებული პასუხი, რომელიც
განსხვავდება საავტორო პასუხისგან, მაგრამ სრულად აკმაყოფილებს შეკითხვის პირობაში
არსებულ მოთხოვნებს.
7.5. აპელაცია დაკმაყოფილდება იმ შემთხვევაში, თუ გუნდის პასუხი ფორმატით განსხვავდება
საავტორო პასუხისგან, მაგრამ აზრობრივად სწორია და სრულად აკმაყოფილებს შეკითხვის
პირობაში არსებულ მოთხოვნებს.
7.6. აპელაცია შესაძლოა, დაკმაყოფილდეს იმ შემთხვევაში, თუ გუნდის პასუხი განსხვავდება
საავტორო პასუხისგან მცირე ორთოგრაფიული შეცდომის საფუძველზე. იმისთვის, რომ გუნდის
პასუხი კვალიფიცირდეს მცირე ორთოგრაფიულ შეცდომად, სავალდებულო პირობას წარმოადგენს,
რომ ა) შეცდომის საფუძველზე დაწერილ პასუხში ნათლად ჩანდეს მისი პირდაპირი მსგავსება
საავტორო პასუხთან და ბ) შეცდომის საფუძველზე დაწერილ პასუხს არ ჰქონდეს სხვა, საავტორო
პასუხისგან პრინციპულად განსხვავებული მნიშვნელობა.
7.7. აპელაცია შესაძლოა, არ დაკმაყოფილდეს იმ შემთხვევაში, თუ მასში წარმოდგენილი არაა
მყარი არგუმენტაცია და/ან წყაროები გუნდის პასუხის სისწორის დასადასტურებლად.
7.8. სააპელაციო განაცხადის დაფიქსირება ფასიანია და განისაზღვრება 20 ლარით.
7.9. სააპელაციო განაცხადის დაკმაყოფილების შემთხვევაში სააპელაციო თანხა ბრუნდება
აპელანტის საბანკო ანგარიშზე. თანხის დაბრუნების პროცედურა იწარმოება მიმდინარე სეზონის
დასრულების შემდეგ.
7.10. სააპელაციო განაცხადზე უარყოფითი პასუხის შემთხვევაში სააპელაციო თანხა გადადის
საორგანიზაციო ჯგუფის განკარგულებაში.
8. განსაკუთრებული პირობები
8.1. თითოეული თამაშის დაწყებამდე გუნდები ავსებენ ფიზიკურ სარეგისტრაციო ფორმას. ისევე,
როგორც საიტზე რეგისტრაციისას, სარეგისტრაციო ფორმაშიც ხდება ქალაქის, სკოლის, კლასის,
დამრიგებლის სახელის, დამრიგებლის საკონტაქტო ნომრის, მოსწავლეების სახელებისა და
მოსწავლეების/მშობლების საკონტაქტო ნომრების მითითება. სკოლის ინფორმაციის მითითება
საჭიროა შედეგებში გუნდის იდენტიფიკაციისთვის; მოსწავლეების სახელების მითითება საჭიროა
სერტიფიკატების, დიპლომებისა და სხვა აკადემიური პრიზების გასაცემად;
მოსწავლეების/მშობლების საკონტაქტო ნომრებზე კი მოხდება შედეგების, ჩატარების ადგილებისა
და სხვა მნიშვნელოვანი სიახლეების შესახებ ინფორმაციის დაგზავნა.
8.2. გუნდის სათადარიგო წევრი არ იხდის მონაწილეობის საფასურს. საპრიზო ადგილის დაკავების
შემთხვევაში, სათადარიგო წევრი გუნდის დანარჩენ წევრებთან ერთად მიიღებს გუნდისთვის
განკუთვნილ აკადემიურ პრიზებს, ხოლო ფასიან პრიზებს, ასეთის არსებობის შემთხვევაში,
მხოლოდ გუნდის ძირითადი წევრები მიიღებენ.
8.3. ჩემპიონატის მეორე, მესამე და მეოთხე ეტაპებზე თამაშზე გულშემატკივრების დასწრება
ნებადართული არ არის. სათამაშო სივრცეში იმყოფებიან მხოლოდ მონაწილეები და
საორგანიზაციო ჯგუფის წევრები.
8.4. შესაძლოა, ჩემპიონატის რომელიმე ეტაპზე სათამაშო სივრცის თავისებურებიდან გამომდინარე
ზოგიერთ ლოკაციაზე არ ჩატარდეს კაპიტნების რაუნდი, რათა არ შეფერხდეს სათამაშო პროცესი.
ასეთ შემთხვევაში კაპიტნების რაუნდის შეკითხვას გუნდები სრული შემადგენლობით ითამაშებენ.
8.5. თამაშის პროცესში გუნდის თითოეული წევრი ვალდებულია, არ გამოიყენოს ტელეფონი და
სხვა ელექტრონული მოწყობილობები და არ განათავსოს ისინი სათამაშო მაგიდაზე. გუნდის
თითოეულმა წევრმა ტელეფონი და სხვა ელექტრონული მოწყობილობები ხმაგამორთულ/გათიშულ
მდგომარეობაში უნდა შეინახონ.
8.6. თამაშის პროცესში საორგანიზაციო ჯგუფის წევრებმა შესაძლოა აწარმოონ თამაშის
მსვლელობის ფოტო/ვიდეოგადაღება. თამაშის მსვლელობის ამსახველი ფოტო/ვიდეომასალა,
ასეთის არსებობის შემთხვევაში, გამოქვეყნდება ჩვენს საიტზე და/ან სოციალური ქსელის გვერდზე.
8.6. ჩემპიონატში მონაწილეობით სკოლის ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ გაეცნო და ეთანხმება
ჩემპიონატის დებულებას.
8.7. ჩემპიონატში მოსწავლის მონაწილეობით მოსწავლის მშობელი/მეურვე ადასტურებს, რომ
გაეცნო და ეთანხმება ჩემპიონატის დებულებას.

bottom of page