როგორ ვაქციეთ სასკოლო რუტინა ციფრულ თავგადასავლად ქუთაისში?
- Anna Shalikiani
- Feb 25
- 3 min read
როგორ უნდა ვაქციოთ ტექნოლოგიების პასიური მომხმარებლები აქტიურ ციფრულ შემქმნელებად? თან ისე, რომ პროცესი რუტინული კი არა, სახალისო და თავგადასავლებით სავსე იყოს?
20-22 თებერვალს, ქუთაისმა ინტენსიურ, 3-დღიან „ციფრული უნარების ვორქშოფს“ უმასპინძლა. ჩვენი მთავარი მიზანი რეგიონული სკოლების გაძლიერება, ციფრული უთანასწორობის დაძლევა და თანამედროვე ინსტრუმენტების (Google Workspace, Canva, Kahoot!, AI) ყოველდღიურ სასკოლო ცხოვრებაში ინტეგრირება იყო. ვორქშოფი ჩატარდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „REDI: სოფლის გაძლიერება ციფრული ჩართულობის გზით“ ფარგლებში, ელექტრონული მმართველობის აკადემიისა (eGA) და პოლონეთის სოლიდარობის ფონდი (SFPL) საქართველოში მხარდაჭერით.
აი, ის მთავარი ამბები და ინოვაციები, რამაც ეს 3 დღე განსაკუთრებული გახადა:
უცნაური "ყინულმჭრელი" და AI-გენერირებული ტვინების ბრძოლა ✂️💻

ყველაზე თანამედროვე ციფრული ვორქშოფი ძველი ჟურნალების და კომერციული გაზეთების ჭრითა და კოლაჟების კეთებით დავიწყეთ! ამ მოულოდნელმა აქტივობამ მონაწილეები ფსიქოლოგიურად განტვირთა, საკუთარი თავის შესახებ მნიშვნელოვანი დეტალების გაზიარების პლატფორმა შექმნა და გუნდური მუშაობისთვის შეამზადა.
მონაწილეები არჩევენ გაზეთებს, რათა საკუთარი საიმიჯო პოსტერები შექმნან :) ->

ამის შემდეგ კი, პირდაპირ მომავალში გადავინაცვლეთ და მთლიანად AI-ის მიერ გენერირებული ინტელექტუალური
ბრძოლა გავმართეთ — იდეალური დემონსტრირება იმისა, თუ რა შეუძლია ხელოვნურ ინტელექტს პრაქტიკაში. მოგვიანებით მონაწილეებმა თავად ისწავლეს მონაცემების შეგროვება Google Forms-ით და მათი გაანალიზება Google Sheets-ში.
მონაწილის მიერ შექმნილი კითხვარი Forms-ში ->
ტექნოლოგიური მაგია: სიმღერად ქცეული Excel-ი, AI-ასისტენტი შეფასებისთვის 🎶🤖 და ბევრი სხვა!
ჩვენ არ გვისწავლია მხოლოდ ციფრული ინსტრუმენტების ტექნიკური გამოყენება, ჩვენ ვისწავლეთ მათი
შემოქმედებითად მართვა:

AI, როგორც შემფასებელი: მასწავლებლებმა აღმოაჩინეს, რომ ნაშრომების სქრინშოთების გაანალიზებით Gemini-ს ან ChatGPT-ს მეშვეობით, წამებში შეუძლიათ მიიღონ პროფესიონალური და განმავითარებელი უკუკავშირი მოსწავლეებისთვის.
მშრალი მონაცემებიდან მუსიკამდე: Google Sheets-ში მონაწილეების მიერ შეყვანილი მშობლიური ქალაქებისა და პირადი მახასიათებლების მონაცემები ჯერ ლექსად ვაქციეთ (Gemini), შემდეგ კი Suno AI-ს გამოყენებით იქვე, ადგილზე, პერსონალიზებული სიმღერა დავაგენერირეთ! ამან მონაილეებში ნამდვილი ფურორი მოახდინა.
დიზაინი არადიზაინერებისთვის: Canva-ს დახმარებით ვისწავლეთ, როგორ შევქმნათ მიმზიდველი სასკოლო პოსტერები და პრეზენტაციები ნულოვანი გამოცდილებით.
დანგრეული იერარქია: როცა მასწავლებელი და მოსწავლე პარტნიორები არიან ან/და მოსწავლე ტრენერის როლში და კიბერჰიგიენა 🛡️

ეს იყო ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ექსპერიმენტი. ტრადიციული მიდგომის ნაცვლად, სამიზნე მოდელად „მასწავლებელი-მოსწავლის წყვილი“ ავირჩიეთ. ამან სკოლის იერარქია თავდაყირა დააყენა! მოსწავლეები მასწავლებლებს ტექნოლოგიების ინტუიციურ აღქმაში ეხმარებოდნენ, მასწავლებლები კი მათ — პედაგოგიურ ნაწილში.
შედეგი? გამოკითხულთა 81.8%-მა ამ მოდელს „უაღრესად ეფექტური“ უწოდა (მათივე სიტყვებით: „ჩვენ აქტიურად ვეხმარებოდით ერთმანეთს“).
"პაროლი ჰგავს კბილის ჯაგრისს — არავის არ უნდა ათხოვო და ხშირად უნდა ცვალო!" — სწორედ ამ დევიზით წარიმართა კიბერუსაფრთხოების სესია, რომელიც ჩვენი გუნდის ყველაზე ახალგაზრდა წევრმა, ტექნოლოგიებში გამორჩეულად გათვითცნობიერებულმა მოსწავლემ — თემუკამ ჩაატარა. ვისწავლეთ 2FA-ის (ორფაქტორიანი ავტორიზაციის) ჩართვა და ფიშინგისგან თავის დაცვა VirusTotal-ის გამოყენებით.
<- თემუკა, 15 წლის ექსპერტი ციფრული უსაფრთხოების საკითხებში :)
ციფრული ეტიკეტი და კულტურული ტური
გარდა უსაფრთხოებისა, მონაწილეებმა გაიარეს ელ-ფოსტის ოფიციალური ეტიკეტი (სათაურის ველის მნიშვნელობა, ხელმოწერის დართვა, CC და BCC სიებს შორის სხვობა, ჰიპერლინკების პროფესიონალურად ინტეგრირება ტექსტში, ე.წ. "Scan Method"-ის გამოყენება ეფექტური წერილის შედგენაში და "Call to Action" ჩანართების მნიშვნელობა).
ეკრანებისგან დასასვენებლად, მოვაწყვეთ ქუთაისის კულტურული ტური, რომლის მთავარი ხაზი ქალაქის მრავალფეროვნებისა და ტოლერანტობის ისტორიაზე გადიოდა და აღწერდა კათოლიკე და ებრაული თემის დიდ წვლილს ქალაქის კულტურულ, სოციალურ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში, საუკუნეების მანძილზე. ცხადია, ეს კულტურული ტურიც ვორქშოფის უშუალო მიზანთან დავაკვშირეთ - ჩვენ მიერვე შექმნილი, ინტერაქტიული Kahoot! ქვიზით შევაჯამებინეთ მონაწილეებს ტურის ფარგლებში გაზიარებული ცოდნა. ამასთან, ადგილეზევე აღვწერეთ მსგავსი ტიპის ქვიზის შექმნის ეტაპები და კაჰუთის პლატფორმის მუშაობის სპეციფიკა.
📊 რიცხვები და რეალური გავლენა
ვორქშოფის უმთავრესი მიღწევა რეგიონული და მცირე თემებისთვის გაზრდილი ციფრული შესაძლებლობებია! გეოგრაფიული არეალი მართლაც შთამბეჭდავია: რუსთავი, თელავი, თრიალეთი, სიღნაღი, საგარეჯო, ხაშური, კასპი, ბათუმი, აბაშა, სენაკი, ხონი, ჩოხატაური და ქუთაისი.
14 სკოლა და 24 უშუალო მონაწილე, რომლებიც ახალი ცოდნითა და ინოვაციური ჰორიზონტებით აღიჭურვნენ.
ასობით მოსწავლე და მასწავლებელი (ჩვენი ირიბი ბენეფიციარები), რომლებიც მიიღებენ სარგებელს იმ ახალი ინსტრუმენტებით, მიდგომებითა და იდეებით, რაც მონაწილეებმა თავიანთ სკოლებში წაიღეს.

სქრინი აღებულია menti.meter-ზე მონაწილეთა მიერ შევსებული ინფოგრაფიკის რუბრიკიდან.
ყველაზე მნიშვნელოვანი, რა თქმა უნდა, ისაა, რასაც თავად მონაწილეები ამბობენ:
"მიღებულ ცოდნას აუცილებლად გამოვიყენებ თვითმმართველობის აქტივობებში მომავალში."
"აუცილებლად გამოვიყენებ ტესტების შედგენისას და მოსწავლეებს შევთავაზებ სახალისო აქტივობებს მასალის უკეთ ასათვისებლად."
"ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე (საქმისმწარმოებელი, მასწავლებელი, დამრიგებელი) უამრავი საკითხია, რომლშიც გამოვიყენებ ნასწავლს."
ეს 3 დღე არ იყო უბრალოდ ტრენინგი. ეს იყო იმის დემონსტრირება, თუ როგორ შეიძლება ტექნოლოგიებმა გაამარტივოს სასკოლო ცხოვრება, გახადოს სწავლა სახალისო და, რაც მთავარია, გააერთიანოს თაობები საერთო მიზნის ირგვლივ.

დიდი მადლობა ყველა მონაწილეს ამ შემეცნებითი და პოზიტიური ემოციებით დატვირთული დღეებისთვის! 💙
ეს მასალა შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე პასუხისმგებელი არიან სოლიდარობის ფონდი საქართველოში (SFPL) და ელექტრონული მმართველობის აკადემია (eGA) და შესაძლოა, ვიდეო არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.







Comments