NASA-მ და კომპანია Axiom Space Inc.-მა წარმოადგინეს სკაფანდრები, რომლებიც მთვარეზე ეცმევათ შემდეგი თაობის ასტრონავტებს.
სკაფანდრები, სახელად AxEMU, რომლებსაც არტემისის მისიის ასტრონავტები ჩაიცვამენ, ჯონსონის კოსმოსურ ცენტრში გამართულ ღონისძიებაზე მხოლოდ ნაწილობრივ გვაჩვენეს, რათა არ გასცენ რაიმე დაპატენტებული ინფორმაცია სკაფანდრის შესახებ.
„გამომდინარე იქიდან, რომ მთვარის სკაფანდრები თეთრი უნდა იყოს, რათა სითბო აირეკლოს და ასტრონავტები უკიდურესად მაღალი ტემპერატურისგან დაიცვას, სკაფანდრის ზედა ფენა ამჟამად მხოლოდ საჩვენებელ მიზანს ემსახურება და ფარავს მის დაპატენტებულ დიზაინს“, — წერს Axiom Space განცხადებაში.
თუმცა, რაც ვნახეთ, სკაფანდრი აშკარად გაუმჯობესებულია ფუნქციონალურობისა და წარმადობის თვალსაზრისით, ვიდრე აპოლოს მისიების სკაფანდრები იყო ან ამჟამად არის საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე მყოფ ასტრონავტთა ის სკაფანდრები, რომლებსაც ისინი ღია კოსმოსში გასვლისას იყენებენ.
„უკვე 40 წელიწადია, ახალი სკაფანდრი არ გვქონია, კოსმოსური შატლის პროგრამისთვის შექმნილის შემდეგ“, — აღნიშნა NASA-ს ჯონსონის კოსმოსური ცენტრის დირექტორმა ვანესა ვიშმა.
მისი განცხადებით, Axiom Space-ი მონაცემებით და კვლევებით NASA-მ უზრუნველყო, რის შედეგადაც, სკაფანდრი უფრო ფუნქციონალური გამოვიდა.
ახალი სკაფანდრის პროტოტიპი Axiom Space-ის ინჟინერს, ჯიმ სტაინს ეცვა, რომელიც დადიოდა, აკეთებდა ჩაჯდომებსა და სხვადასხვა მანევრს და წარმოაჩენდა, რამდენად მოქნილია სკაფანდრი.
„აპოლოს სკაფანდრებთან შედარებით, გაუმჯობესება უზარმაზარია. არტემისის ასტრონავტები უფრო კომფორტულად იქნებიან და ადვილად შეეძლებათ მანევრირება, მაგალითად, მარტივად დაიხრებიან და აიღებენ ქანებს“, — ამბობს კომპანიის ერთ-ერთი ხელმძღვანელი რასელ რალსტონი.
NASA-ს განცხადებით, სკაფანდრი ეფუძნება სააგენტოს სკაფანდრის პროტოტიპებს და აერთიანებს უახლეს ტექნოლოგიებს, მეტ მობილობას, უკეთეს დაცვას მთვარეზე არსებული რადიაციისგან.
არტემისის პროგრამის ფარგლებში, მთვარეზე გაემგზავრება პირველი ქალი და პირველი ფერადკანიანი ასტრონავტი. გეგმის მიხედვით, მისია არტემის III მთვარის სამხრეთ პოლუსზე 2025 წელს უნდა დაეშვას.
წყარო:1tvმეცნიერება
მომზადებულია Universe Today-ს მიხედვით.
ავტორი - მიხეილ ჭაბუკაშვილი
Коментари