

“ტვინების ბრძოლა” ინტელექტუალური განტვირთვის გამორჩეული ფორმაა. ეს არის გუნდური ინტელექტუალური თამაში, სადაც თითოეული გუნდი დაკომპლექტებულია ერთი სკოლის არაუმეტეს ხუთი მოაზროვნისგან. თამაშის განმავლობაში წამყვანი აცხადებს შეკითხვებს, რომლებიც ეფუძნება ლოგიკური და ანალიტიკური მსჯელობის უნარს.
თამაში ტარდება ოთხ ასაკობრივ კატეგორიაში:
-
U5 | მე-3, მე-4, მე-5 კლასის მოსწავლეები
-
U8 | მე-6, მე-7, მე-8 კლასის მოსწავლეები
-
U12 | მე-9, მე-10, მე-11, მე-12 კლასის მოსწავლეები
-
სტუდენტური | უნივერსიტეტის სტუდენტები და კურსდამთავრებულები
-
წესები:
-
თამაში შედგება 15 შეკითხვისგან.
-
სირთულის მიხედვით, შეკითხვები ფასდება 5,6 და 7 ქულით.
-
5,6 და 7-ქულიანი შეკითხვები ჟღერდება მონაცვლეობით.
-
თამაშის ჩატარებამდე თითოეულ ასაკობრივ კატეგორიაში ანონსდება წიგნი და ფილმი. თამაშში დაანონსებული წიგნიდან ჟღერდება ორი შეკითხვა, ფილმიდან კი - ერთი შეკითხვა.*
-
თითოეულ შეკითხვაზე პასუხის გასაცემად გუნდს აქვს 90 წამი.
-
მერვე 6-ქულიანი შეკითხვა არის კაპიტნების რაუნდი; ამ რაუნდში მაგიდასთან უნდა დარჩეს ერთი მოაზროვნე, რომელსაც ასახელებს კაპიტანი.
-
გამარჯვებულია გუნდი, რომელიც თამაშის დასრულებისას უმაღლეს ქულას დააფიქსირებს.
*აღნიშნული წესი მოქმედებს რეგიონულ და ფინალურ ეტაპებზე.
"ტვინების ბრძოლის" სეზონი იწყება თითოეული სემესტრის დაწყებასთან ერთად და შედგება სამი ეტაპისგან.
პირველი ეტაპია შიდასასკოლო ჩემპიონატი, რომელშიც მონაწილეობის მიღება უფასოა. მეორე ეტაპისთვის კვალიფიცირდება თითოეულ სკოლაში, ყოველ ასაკობრივ კატეგორიაში წარმოდგენილი გუნდების საუკეთესო 50%.
მომდევნო, რეგიონულ ეტაპზე გამოცხადებული გუნდები კონკურენციას უწევენ თავიანთი რეგიონის მასშტაბით წარმოდგენილ სხვა გუნდებს. ფინალურ ეტაპზე გადადის თითოეული რეგიონის გუნდების საუკეთესო 30%.
ფინალში ხვდებიან საქართველოს მასშტაბით საუკეთესო შედეგების მქონე გუნდები და ექცევიან ერთსა და იმავე რეიტინგულ ცხრილში.
“ტვინების ბრძოლა” მოაზროვნეებს ეხმარება ერუდიციის გაღრმავებაში, ლოგიკური და ანალიტიკური მსჯელობის უნარის გაუმჯობესებაში, გუნდური მუშაობის უნარის განვითარებაში. დაანონსებული წიგნისა და ფილმის პრინციპის დახმარებით, მოაზროვნეები თითოეული თამაშის შემდეგ გაამდიდრებენ საკუთარ ლიტერატურულ და კინემატოგრაფიულ არსენალს.

“ტვინების ბრძოლის” ჰაკათონი ახალი სიტყვაა ქართული სასკოლო ოლიმპიადების ასპარეზზე. მისი ორიგინალური პრინციპი გულისხმობს რამდენიმე საგნის ერთ ტესტში გაერთიანებას. ხშირ შემთხვევაში, ცალკეული დავალების დასაძლევად ერთზე მეტი საგნის ცოდნაა საჭირო, რაც მოსწავლეს საშუალებას აძლევს, ამოხსნის ალტერნატიული გზებიდან მისთვის ყველაზე ხელსაყრელი აირჩიოს. გამარჯვებული ვლინდება მთლიან ტესტში ნაჩვენები შედეგების მიხედვით. სახელდებიან ცალკეულ საგნებში საუკეთესო შედეგების მქონე მოსწავლეებიც.
ამჟამად, ჰაკათონის ტესტი აერთიანებს შემდეგ საგნებს:
-
ქართული ენა და ლიტერატურა
-
მათემატიკა
-
ინგლისური ენა
-
ზოგადი განათლება და ლოგიკა
უნიკალური პრინციპის წყალობით, “ტვინების ბრძოლის” ჰაკათონი მოსწავლეს უქმნის შესაძლებლობას, გამოავლინოს როგორც სკოლის პროგრამული მასალის ცოდნა, ისე - ზოგადი განათლებაც

“ტვინების ბრძოლის” საზაფხულო ბანაკი იმართება ნიჭიერი და წარმატებული მოსწავლეებისთვის საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. ფესტივალის მონაწილეები მონაწილეობას იღებენ მრავალფეროვან აქტივობებში, შემეცნებით დისკუსიებსა და თამაშებში. ბანაკის საგზურით ჯილდოვდებიან ტვინების ბრძოლის ფინალში გამარჯვებული გუნდები, აგრეთვე ჰაკათონის გამარჯვებულები.
ფესტივალი საინტერესო, ნაყოფიერ და რაც მთავარია, მეგობრულ გარემოში იმართება, რაშიც უშუალოდ მონაწილეობს შპს 'ბრეინსის" წარმომადგენლობა.