"პატარა პრინცი" ანტუან დე სენტ ეგზიუპერი /Junior

Updated: Nov 12, 2018

დაანონსებული წიგნი პირველი ასაკობრივი კატეგორიისთვის. 25 ნოემბერი


ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის "პატარა პრინცი" ყველაზე პოპულარული ფრანგულენოვანი წიგნი და ყველა დროის ბესტსელერია, თავად ავტორი კი საფრანგეთის რამდენიმე უმაღლესი ლიტერატურული ჯილდოს ლაურეატი. ნაწარმოების ნახევარზე მეტი ავტორის თავს გადამხდარი ისტორიებია, მათ შორის გულისამაჩუყებელი ამბავი მარტოობაზე, მეგობრობაზე, სიყვარულსა და სასოწარკვეთაზე, რასაც ის დედამიწაზე ჩამოვარდნილი პატარა პრინცის პირით ჰყვება.


ეკზიუპერის შედევრს ხშირად მიაკუთვნებენ საბავშვო წიგნების კატეგორიას, რაც მცდარი შეხედულებაა. ზოგადად, წიგნების ასეთი მკაცრი კლასიფიკაცია საბჭოთა პერიოდის საგანმანათლებლო სისტემიდან მომდინარეობს და ჯერ კიდევ ღრმად აქვს ჩენში ფესვები გადგმული. ეკზიუპერის რომ თავი დავანებოთ, ასეთი კლასიფიკაციის მსხვერპლნი გახდნენ „გულივერის მოგზაურობა“ (მწვავე პოლიტიკური სატირა, რომელიც საბავშვო ლიტერატურადაა მიჩნეული), „მობი დიკი“ (უდიდესი ნაწარმოები თავისუფლებასა და ჰუმანურობაზე), „გარგანტუა და პანტაგრუელი“ (კიდევ ერთი სატირა, რომელმაც კათოლიკური ეკლესია და საფრანგეთის მთავრობა აიგდო მასხრად) და მრავალი სხვა. ამ კლასიფიკაციაში მოხვდა პატარა პრინციც, მცირე ზომის შედევრი, რომელსაც ხშირად ზღაპრად მიიჩნევენ და არც ისე სერიოზულად აღიქვამენ.

არადა, ეს ის წიგნია, რომელსაც არა ჰიპოთეტურად, არამედ ნამდვილად შეუძლია, ადამიანის ცხოვრება შეცვალოს. წიგნი, რომელიც დაიწერა ბავშვებისთვის და იმ დიდებისთვის, რომლებსაც თავიანთი ბავშვობის რაღაც ნაწილი არ დაუკარგავთ. ემოციური, ლირიკული, ლამაზი ამბავი უდაბნოში გზადაკარგული მფრინავისა და ციდან ჩამოვარდნილი პატარა ბიჭისა, უცნაური მეგობრობის ისტორია, ორი ადამიანის კავშირი, რომლებმაც ერთმანეთს ბევრი რამ ასწავლეს.



ლევან ბერძენიშვილის საავტორო გადაცემა "წიგნები"



I.

ექვსი წლის რომ ვიყავი, ერთ წიგნში, რომელიშიაც უღრან ტყეებზე იყო ლაპარაკი და რომელსაც „ნამდვილი ამბები“ ერქვა, ერთ შესანიშნავ ნახატს წავაწყდი: მახრჩობელა გველი რომელიღაც ნადირს ყლაპავდა. აი იმ ნახატის ასლი.

წიგნში ეწერა: „მახრჩობელა გველები თავიანთ მსხვერპლს მთლიანად, დაუღეჭავად ყლაპავენ. ამის შემდეგ მათ განძრევის თავიც კი არა აქვთ და ექვსი თვე სძინავთ, რომ საჭმელი მოინელონო“.
მე ძალიან ბევრს ვფიქრობდი ჯუნგლების ხიფათით აღსავსე ცხოვრებაზე და ფერადი ფანქრით სურათი დავხატე. ეს იყო ჩემი ნახატი ნომერი 1.


ჩემი შედევრი დიდებს ვუჩვენე და ვკითხე, თუ შეგეშინდათ-მეთქი. „განა ქუდი საშიშია?“ - მომიგეს მათ.
მაგრამ ჩემი ნახატი ქუდი არ იყო. ეს გახლდათ მახრჩობელა გველი, რომელიც გადაყლაპულ სპილოს ინელებდა. და მაშინ მე შიგნიდან დავხატე მახრჩობელა გველი, რომ დიდებს ნათლად დაენახათ ყველაფერი. მათ ხომ ყველაფერი უნდა აუხსნას კაცმა! ჩემი ნახატი ნომერი 2 ასეთი იყო:


დიდებმა მირჩიეს ხელი ამეღო მახრჩობელა გველების ხატვაზე, შიგნიდან იქნობოდა, თუ გარედან, და მეტი გულისყურით მოვკიდებოდი გეოგრაფიას, ისტორიას, არითმეტიკას და გრამატიკას. ამიტომ იყო, რომ ექვსი წლის ასაკში უარი ვთქვი მხატვრობის ბრწყინვალე კარიერაზე. ნომერი 1 და ნომერი 2 ნახატის უგულებელყოფამ გული გამიტეხა. დიდებს ხომ არაფრის გაგება არ შეუძლიათ სხვების დაუხმარებლად. ბავშვისთვის კი ძალიან მომქანცველია ყოველთვის წინასწარ აუხსნას მათ ყველაფერი.
ამრიგად, იძულებული გავხდი, სხვა პროფესია ამერჩია და მფრინავის ხელობა შევისწავლე. თითქმის მთელ დედამიწას შემოვუფრინე და, უნდა ვთქვა, რომ გეოგრაფია ამ საქმეში ძალიან გამომადგა. თვალის ერთი გადავლებით შემეძლო გამერჩია ჩინეთი არიზონისაგან. ეს კი ძალიან სასარგებლოა, თუ ღამით მხარი გექცა და გეზი დაკარგე.
ჩემი ცხოვრების გზაზე ბევრ სერიოზულ ადამიანს შევხვედრივარ, დიდხანს მიცხოვრია დიდებს შორის და საშუალება მქონდა ძალიან ახლო გავცნობოდი მათ. მაგრამ ამან მაინცდამაინც ვერაფერი შემატა მათ ჩემს თვალში.
როცა ისეთ ადამიანს შევხვდებოდი, რომელიც სხვებზე უფრო ნათელი გონების პატრონი ჩანდა, ჩემს ნახატ ნომერ 1-ს ვუჩვენებდი, რომელიც მუდამ თან მქონდა. მინდოდა, ამ ხერხით გამეგო, ნამდვილად გამჭრიახი იყო იგი თუ არა. მაგრამ ამ ნახატის დანახვაზე ისინი ყოველთვის ერთსა და იმავეს მეუბნებოდნენ - „ქუდიაო“. ამის შემდეგ აღარაფერს ვუყვებოდი მათ მახრჩობელა გველებზე, უსიერ ტყეებსა და ვარსკვლავებზე, მათებურად ვიწყებდი ლაპარაკს და საუბარს ვუბამდი ბრიჯზე, გოლფზე, პოლიტიკასა და ჰალსტუხებზე, და ისინიც დიდად კმაყოფილნი იყვნენ, რომ ასეთი გონიერი ადამიანი გაიცნეს.

განაგრძეთ კითხვა:

იხილეთ ელექტრონული ვერსია

1,091 views
  • Facebook - Black Circle
  • Twitter - Black Circle
  • YouTube - Black Circle

© 2019 Brains.ge

ძველი თბილისი თბილისი საქართველო